30 ნოემბერი 2021,   16:33
ვრცლად
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მკვლელობის შეკვეთაში დედინაცვალს ადანაშაულებს

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მკვლელობის შეკვეთაში დედინაცვალს ადანაშაულებს.

კურიერმა სკანდალური საქმის ახალი დეტალები გაარკვია. ბესიკ ხარძიანის შვილი ამბობს, რომ დაქირავებული მკვლელი მის მოკვლასაც შეეცედა. მამის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მოპედით საეჭვო პიროვნება მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა და ავტომობილით გადაადგილებისას საავარიო სიტუაციის შეუქმნა.

მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

მიხეილ ხარძიანი კურიერის ჟურნალისტთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მამის მეორე ცოლს, ეკა ნონიკაშვილს, ბესიკ ხარძიანის მრავალმილიონიანი ქონების ინტერესი ჰქონდა და მის დაუფლებას ჯერ კიდევ ბიზნესმენის სიცოცხლეშივე ცდილობდა.

კურიერმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ ნონიკაშვილმა ბიზნესმენის დაკრძალვიდან, დაახლოებით, ორ კვირაში საკუთარ შვილს, ქეთევან ხარძიანს, 5 ობიექტი ჯერ უსასყიდლოდ აჩუქა, შემდეგ კი ისევ, დაახლოებით, ორ კვირაში ისინი მის მეგობრებზე არარეალურ ფასად გააყიდინა.

ამ ჩამონათვალშია 1300 კვადრატული მეტრი მიწა წავკისში. დოკუმენტების მიხედვით, ქეთევან ხარძიანმა ნაირა ნებიერიძეს ის 5000 ლარად მიჰყიდა.

ხარძიანის ინფორმაციით, მოკლული მეუღლემ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 160 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი 60 ათას დოლარად, ანუ ერთი კვადრატული 375 დოლარად გაყიდა. საბაზროზე ბევრად იაფად არის გასხვისებული ბინები ახლადაშენებულ კორპუსში საბურთალოზე.

საბაზროზე დაბალ ფასად გასხვისება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიხეილ ხარძიანი ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს. მას მიაჩნია, რომ ეკა ნონიკაშვილს ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

მიხეილ ხარძიანის პოზიცია სასამართლომაც გაიზიარა, თუმცა, დავა სააპელაციო ინსტანციაში გრძელდება.

მიხეილ ხარძიანის თქმით, ბესიკ ხარძიანის პატიმრობაში ყოფნის დროს ნონიკაშვილი კუს ტბის წილს ითხოვდა. 

მიხეილ ხარძიანი ვარაუდობს, რომ პროკურატურა ეკა ნონიკაშვილთან გარიგებულია. მაღალჩინოსნები კი მკვლელობის საქმეში არიან გარეულნი.

მიხეილ ხარძიანის ბრალდებებს მამამისის მეორე ოჯახი არ პასუხობს.

 

დღის ამბები