28 ოქტომბერი 2021,   06:35
ვრცლად
სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე - "კურიერმა" დანაშაულის შესაძლო მოტივი გაარკვია

სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე - შსს-ს მტკიცებით, ბიზნესმენმა, დავით ბერბერაშვილმა იგივე ”ბერბერამ“ 25 წლის ახალგაზრდა სასტუმროში მოტყუებით მიიყვანა, სცემა და ღირსების შემლახველი ვიდეო გადაუღო.

გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენი საკუთარ სასტუმროში მამაკაცს მეგობართან, გიორგი ჭიჭინაძესთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა. სასტუმროს პერსონალი იხსენებს, რომ იმ დღეს ბიზნესმენის ოთახიდან ხმაური და გინების ხმა ისმოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბიზნესმენი და მისი მეგობარი 25 წლის გიორგი სულხანიშვილს წამების შემდეგ დიდი ოდენობით თანხას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი კადრების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

რა გახდა დანაშაულის მოტივი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად არ განუცხადებია. „კურიერის“ ინფორმაციით კი დაპირისპირება ბიზნესმენ დავით ბერბერაშვილსა და გიორგი სულხანიშვილს შორის ბიზნესმენის შეყვარებულის გამო დაიწყო.

მათთან ერთად სამართალდამცველებმა ბიზნესმენის დაცვის უფროსი ბესო ჭანტურიძეც აიყვანეს, თუმცა, ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ჭანტურიძე აცხადებს, რომ 26 აპრილს სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა, 25 წლის ბიჭის წამების ფაქტს არ შესწრებია.

ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი წარსულში არაერთი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. სასჯელაღსრულების დაწესებულება ერთი წლის წინ დატოვა ამავე საქმეზე დაკავებულმა გიორგი ჭიჭინაძემაც.

სამართალდამცველებმა სასტუმროს ნომრიდან სადაც ჭიჭინაძე ცხოვრობდა „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. სავარაუდოდ, ბრალს მათ ხვალ ოფიციალურად წარუდგენენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები