19 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
ბათუმში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მოდელის და მომღერლის ოჯახები გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და შვილების საფლავებიდან ამოთხრით იმუქრებიან

ბათუმში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მოდელის და მომღერლის ოჯახები პოლიციას ბრალდებულების მფარველობაში ადანაშაულებენ. გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სალთხუციშვილის მშობლები ამტკიცებენ, რომ პროკურატურა ცდილობს, რაც შეიძლება, მსუბუქი სასჯელით გამოიყვანოს ბრალდებულები.

მოკლული მომღერლის დედა პროკურატურას ვადას 16 მაისამდე აძლევს. თუ დაკავებულებს ბრალს არ დაუმძიმებენ, გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახი შვილს საფლავიდან ამოთხრის და ცხედარს სასამართლოს დარბაზში დაასვენებს.

მუხლი, რომლითაც ახლა მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძის და მოდელ ზვიად სალთხუციშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს ასამართლებენ, უვადო პატიმრობას არ ითვალისწინებს, რაც ოჯახის პროტესტის მიზეზი ხდება.

გარდაცვლილის მამა, ანტონ ხაჭაპურიძე, შვილის მკვლელობის მოტივად ქურდობას ასახელებს.

ნაქირავები სახლიდან, სადაც მკვლელობა მოხდა, წაღებულია 8000 ლარი, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და 2 კომპიუტერი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და ანგარების მოტივი არ ყოფილა.

მოკლული მომღერლის და მოდელის ოჯახი უკვე 10 თვეა, სამართალდამცველებს ბრალის დამძიმებას უშედეგოდ სთხოვს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა საქართველო დატოვეს და თურქეთში ერთ-ერთის დედასთან იმალებოდნენ. ერთ-ერთ ვერსიით, მიმალვაში მყოფ პირებს შს სამინისტროს თანამშრომელი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს მოკლული ფოტომოდელის ზვიად სალთხუციშვილის ოჯახიც. გარდაცვლილის დედა პირველი იყო, რომელმაც მოკლული შვილი ნაქირავებ ბინაში საკუთარი თვალით ნახა.

მოკლული მოდელის დედა ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკავებულებს მუხლს არ გადააკვალიფიცირებს, შვილს საფლავიდან ხაჭაპურიძეების მსგავსად ისიც ამოთხრის.

დღის ამბები