08 თებერვალი 2025,   10:13
ვრცლად
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, უფლებადამცველებმა მოსამართლეს  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს.

ადვოკატები მოსამართლის მიერ ბრალდების მხარის შუამდგომლობის გათვალისწინებას არ ეთანხმებიან.

ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ სასამართლო განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად, გაასაჩივროს თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება.

ადვოკატი, ნინო ლალიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის თქმით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და აღნიშნავს, რომ კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა და დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების ახლობლები კი მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავებისთვის ისედაც ცნობილია, ვინ არის რეალიზატორი და მათ რეალური ნარკომოვაჭრეები უნდა დააკავონ.

დღის ამბები