28 ოქტომბერი 2021,   06:31
ვრცლად
რივერა ბენდელიანმა მოსამართლეს, შესაძლოა, რაფალიანცის სკანდალური საქმის დეტალები მოუყვეს

ვისი პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებდა პროკურატურა რაფალიანცის საქმეზე და რა ვერსიის შეთხზვას ცდილობდნენ საგამოძიებო უწყებაში - ამაზე საუბარს სასამართლოს წინაშე ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი, რივერა ბენდელიანი აპირებს.

ამჟამად, სასამართლო ყოფილი მეუღლეების საქმეს განიხილავს, სადაც რივერა ბენდელიანს მისვე ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ თუ ბენდელიანს მიეცემა შესაძლებლობა, მოსამართლის წინაშე დისტანციურად წარსდგეს, ის დეტალურად მოყვება რაფალიანცის სკანდალური საქმის დეტალებს.

„მილენა მითაიშვილი ფლობს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაციებს პროკურატურის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა, ფაქტობრივად, დაშანტაჟებულია მილენა მითაიშვილის მხრიდან და იმ შემთხვევაში, თუ მილენა მითაიშვილის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები თვითონ მითაიშვილი ამხელს პროკურატურას,“ - განაცხადა რივერა ბენდელიანის ადვოკატმა, ინგა არახამიამ.

საქმე იმაშია, რომ მილენა მითაიშვილი წარსულში სწორედ რაფალიანცის საქმის საპროკურორო ზედამხედველი იყო.

პროკურორი, გიორგი ქობულაძე აცხადებს, რომ მითაიშვილის და რაფალიანცის საქმის კავშირთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„მთავარია, რომ ეს შუამდგომლობა არ იყოს მიმართული იქითკენ, რომ გაჭიანურდეს საქმის განხილვა. თუ ამისთვის არ გამოიყენებს დაცვის მხარე ამ გარემოებას, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა პროკურორმა.

რივერა ბენდელიანზე კი ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები