”ქართული მარში”, ”ეროვნულ ძალთა შეთანხმება”, ”ეროვნულობა”, ”სამოქალაქო აქტივობის კლუბი” - ეს იმ ორგანიზაციების ნაწილია, რომელთა წარმომავლობით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა" დაინტერესდა და კვლევა ჩაატარა.
კვლევის ავტორები ეჭვობენ, რომ ნეონაცისტური ჯგუფები შესაძლოა რუსეთიდან ფინანსდებოდნენ. პირები კი, რომლებიც ქვეყანაში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფებს რადიკალური გზებით უპირისპირდებიან, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
კვლევაში მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა. ის ამჟამად პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელია.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო დღეების ხმაურიანი მოვლენების დროს ”ქართული მარშის” ლიდერებთან ერთად იდგა, რუსეთის ფედერაციასთან კავშირს უარყოფს.
"ქართული მარშის" დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გამართული კონტრაქციის მთავარი ორგანიზატორი იყო მიიჩნევს, რომ პროტესტის მისეული ფორმა ძალადობრივი არ არის. პრეტენზიებს არ იღებს არც მოძრაობის დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ნეონაცისტური მოძრაობების აგრესიულ ქმედებებზე ხელისუფლების რეაქცია ადეკვატური არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციის ამ შენიშვნას არ იღებს მმართველი გუნდი.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის გარდა, ნეონაცისტურ მოძრაობებს ქართული სპეცსამსახურებიც ხელს უწყობენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ძალოვან უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.