25 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალებებისთვის მოწყობილი 1709 სამალავი - შს სამინისტრომ რუსეთი მოქალაქე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკორეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სამალავებში ტოვებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“.

"პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში,“ ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა" -განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება 1709 ადგილზე მოათავსა, მათ შორის, თბილისის ზღვის პარკში - 119 ადგილას, ვაკის პარკსა და თბილისის სხვადასხვა უბანში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები