07 დეკემბერი 2021,   14:13
ვრცლად
ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის საქმე - პროკურატურის მიერ საქმის მასალების გასაჯაროებას კრიტიკა მოჰყვა

ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურა საქმის მასალების ნაწილს ასაჯაროვებს.

ექსპერტების დასურათებული ხორავას ქუჩის ფარდული და არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სხვა ნივთიერი მტკიცებულებები საჯარო დღეს პროკურატურამ გახადა.

განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის მასალები სააშკარაოზე გამოტანა თბილისის პროკურორმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

მტკიცებულებების ფოტო სლაიდში მოხვდა ორივე დანა, რომელიც საქმეში დევს. პროკურორის ინფორმაციით, ერთი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, მეორე კი მოგვიანებით საგამოძიებო ექსპერიმენტისას.

დღეს გასაჯაროებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ერთ-ერთი ბრალდებულის ტანსაცმელიც, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე საათში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდის, ძმამ - ლუკამ, პოლიეთილენის პარკით გადაყარა.

ამის ამსახველი კადრები კურიერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა არაერთხელ გაიმეორა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დანაშაული მხოლოდ ორმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, მათ, ვინც ახლა მოსამართლის განაჩენს ელოდება.

პროკურატურის ბრიფინგმა მოკლული არასრულწლოვნის მამა გააღიზიანა. ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ საგამოძიებო უწყებამ არასრულწლოვნების საქმის მასალების გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.

დაზარალებულის და ბრალდებულთა ადვოკატების უკმაყოფილება თბილისის პროკურორის ბრიფინგის იმ ნაწილმაც გამოიწვია, სადაც მალხაზ კაპანაძე ფოტოების დემონსტრირებით ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე მაკრატელი სასწრაფოს ექიმებს დარჩათ და ის დანაშაულისას გამოყენებული არ ყოფილა. ამით თბილისის პროკურორი შეეცადა დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნის გაბათილებას.

თბილისის პროკურორმა დღეს განცხადება მირზა სუბელიანთან დაკავშირებითაც გააკეთა.

მალხაზ კაპანაძე არ უარყოფს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი გასული წლის პირველ დეკემბერს პეკინის ქუჩაზე კალანდიების სახლში იმყოფებოდა, სადაც იმ დროს დანაშაულის დაფარვასა და მოზარდების ქალაქიდან გაყვანის გეგმაზე მუშაობდნენ. თუმცა, კაპანაძის მტკიცებით, სუბელიანს დანაშაული არ ჩაუდენია.

დღეს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უკვე მიმართეს პროკურორებმა და ადვოკატების ნაწილმა. პროცესი ხვალ გაგრძელდება და ადვოკატების შემდეგ საბოლოო სიტყვით სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულები მიმართავენ, რის შემდეგაც სასამართლო განაჩენის მისაღებად გავა.

დღის ამბები