18 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
ციხეში გადაღებული სკანდალური ვიდეოკადრები პოლიციელების ძალადობაში დადანაშაულების მიზეზი ხდება

ქითაისის ციხეში გადაღებული ვიდეოკადრები პოლიციელების ძალადობაში დადანაშაულების მიზეზი ხდება. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ციხეში ექვსი პოლიციელი ძალის გამოყენებით ბრალდებულ ნოდარ გუბელაძისგან დნმ-ის ნიმუშის აღებას ცდილობს.

ბრალდებული რამდენჯერმე ამბობს, რომ ცუდად არის და სამედიცნო დახმარება სჭირდება, თუმცა, ძალის გამოყენებით გენეტიკური მასალის აღებს პოლიცია მაინც აგრძელებს.

ვიდეოჩანაწერში ისმის ადვოკატის ხმაც, რომელიც პოლიციას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს, თუმცა, სამართალდამცველები იურისტის რეპლიკაზე რეაგირებას არ ახდნენ.

პოლიციელები, რომლებიც კადრებში ჩანან, ხელვაჩაურის განყოფილების თანამშრომლები არიან. ადვოკატი მათ უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ძალის გამოყენებით ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის აღება სასამართლოს განჩინებით მოხდა.

ბრალდებული ნოდარ გუბელაძე პოლიციამ ორი თვის წინ ბათუმში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ვერსიით, გუბელაძემ ორ თანამზრახველთან ერთად, მოხუცი ძმები დააბა, აწამა და ძვირფასეულობა გამოსძალა.

ნოდარ გუბელაძის მამა კი ყვება, რომ მისი შვილის დაკავებას წინ რამდენიმე შემთხვევა უძღოდა, რაც პატიმრის ოჯახს ბრალდებულზე ზეწოლის საფუძვლიან ეჭვებს უჩენს.

გოჩა გუბელაძის ინფორმაციით, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სამართალდამცველებმა მის შვილს სახლის გასაღები ჩამოართვეს, რამდენიმე დღეში კი სახლიდან იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს.

მიმალვის რისკის მოტივით, მოსამართლემ ბრალდებული დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა.

ციხეში გადაღებული სკანდალური ვიდეომასალა უფლებადამცველებისთვის უდანაშაულობის პრეზუმციის უხეში დარღვევაა.

ნოდარ გუბელაძის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც, თუმცა, ომბუდსმენის აპარატი სკანდალურ ვიდეომასალაში პატიმრის უფლებების დარღვევას საერთოდ ვერ ხედავს.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები