22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ანგარიშსწორება ოზურგეთის საკრებულოში - „ქართული ოცნების“ წევრებმა ენმ-ის დეპუტატს სცემეს და ბლაგვი საგანი ჩაარტყეს

საქმის გარჩევა და ფიზიკური ანგარიშსწორება ოზურგეთის საკრებულოში - „ქართული ოცნების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კაბინეტში დაიბარეს და მას სასტიკად სცემეს. ბესო ქათამაძეს ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. „კურიერის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რა დროსაც მან გონება დაკარგა და გაითიშა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან შურისძიების სამიზნე სოციალურ ქსელში მწვავე პოსტების გამო გახდა.

მმართველი პარტიის თავდასხმის ობიექტები ჟურნალისტებიც გახდნენ. მედიას საკრებულოს შენობაში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცდილობდნენ, ნაცემი დეპუტატი კამერას არ გადაეღო. გურიის გუბერნატორის აპარატის თანამშრომელმა კამერები იმ ოთახიდან გამოაძევა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ბესო ქათამაძეს სცემდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თავდასხმიდან მალევე დაასახელა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების გვარები, ვინც ის ოთახში ჩაკეტა და თავს დაესხა.

„ქართული ოცნების“ თავდამსხმელი დეპუტატები ინციდენტის შესახებ არ საუბრობენ და ამტკიცებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მათ ოთახში უკვე თავგატეხილი შევიდა.

თავის არეში დაზიანებებით ნაცემი დეპუტატი კლინიკაში მოათავსეს. მას  თავზე ნაკერი დასჭირდა.

განცხადება ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ჩხუბიდან რამდენიმე საათში გააკეთეს და თავდასხმაში მონაწილე კოლეგებს გაემიჯნენ.

ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. ჩხუბში მონაწილე დეპუტატები გამოკითხვაზე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს.

ავტორი: ლადო მენაბდე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები