16 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
ორი დღის განმავლობაში ვკითხავდით არაკომპეტენტურ ადამიანს - მამუკა მდინარაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრობს. ის დროებითი კომისიის შემადგენლობაში მყოფ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

მდინარაძის თქმით, ოპონენტები შეფასებების გაკეთების დროს ჩქარობენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯერ დაკითხვები არ დასრულებულა და ნაჩქარევი გადაწყეტილებები არ უნდა მიიღონ.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის წევრები „თავზე ხელის გადასმას“ არ აპირებენ და მისი თქმით, კომისიის სხდომაზე საკმაოდ კრიტიკულ კითხვებს სვამენ.

ამასთან, ის ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. მდინარაძის თქმით, კომისიის სხდომაზე შს სამინისტროს წარმომადგენელმა, კახა სირაძემ კითხვებს ამომწურავად ვერ უპასუხა.

მისი თქმით, შს წარმომადგენელს, კახა სირაძეს, არასრულწლოვნების დაკითხვის უფლება არ ჰქონდა და საგამოძიებო კომისიის წევრის თქმით, იმ პირის დაკითხვა, ვინც დაკითხვაში უშუალოდ მონაწილეობდა, მეტი ინფორმაციის მომტანი იქნებოდა.

„სირაძეს ამომწურავი პასუხები ნამდვილად არ ჰქონდა, ბევრ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს ამავდროულად. ანუ საქმე რაშია, როდესაც ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მოდი, დავკითხოთ უშუალოდ ის ადამიანი, ვინც იძიებდა საქმეს და ეს არ შესრულდა. ჩვენმა ოპონენტებმა, კომისიის უმრავლესობაში მყოფმა ადამიანებმა ჩვენი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და, თუ ხელმძღვანელზეა საუბარი, მაშინ ქალაქის სამმართველოს უფროსი დავკითხოთ პირდაპირ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ალბათ, ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ეს ადამიანი ელემენტარულად იმის საშუალებასაც მოკლებულია, რომ მოწმე გამოკითხოს, მას შეხება ვერ ექნებოდა ამ არასრულწლოვან პირებთან იმის გამო, რომ ელემენტარულად, მას ჩაბარებული არ აქვს შესაბამისი გამოცდა, შესაბამისი კურსები არა აქვს გავლილი და არ არის კომპეტენტური ამ საკითხში. ანუ, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვკითხავდით არაკომპეტენტურ ადამიანს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, არც პროკურორის პასუხები იყო ამომწურავი, თუმცა, ზვიად ფხაკაძემ პროკურატურის ვერსიის გამამყარებელი კონკრეტული პასუხები გასცა მათ კითხვებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა და ხარვეზებზე საუბარი.

დღის ამბები