20 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
უფრო მეტად მოქნილი და უფრო ეფექტიანი გახდება მართვის სისტემა - საპარლამენტო უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლილებებზე

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმებიან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, სამინისტროების გაერთიანება უფრო მეტი ეფექტიანობის გარანტი იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ სამინისტროების გაერთიანება სწორად ადმინისტრირებას უკავშირდება.

„უფრო მეტად მოქნილი და უფრო ეფექტიანი გახდეს მართვის სისტემა, რომლის მიზანი არის, რომ მოქალაქეს მოემსახუროს ის კონკრეტული შედეგით და ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ არა მხოლოდ დაზოგვა ადმინისტრაციული რესურსის თუ გარკვეული ოპტიმიზაციის, არამედ მათ იგრძნონ გადაწყვეტილების სისწრაფე და მართვა იყოს გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს ადმინისტრირება,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებებით თანხა რეალურად დაიზოგება.

სოფო კილაძის თქმით, პრემიერი მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობასთანაც გაივლის.

„დაზოგილი თანხები სწორედაც, რომ სოციალური პირობებისთვის იქნება მიმართული, ეს არის რეალური და ამაში სულ მალე მთელი საზოგადოება დარწმუნდება,“ - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ კულტურის და განათლების და სპორტის სამინისტროების გაერთიანება შედეგს გამოიღებს.

ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თანხების დაზოგვა ადამიანური რესურსის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. 

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებებზე მსჯელობა კვირის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება.

ცვლილებების მიხედვით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხოლოდ 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება, მმართველი გუნდის გათვლებით კი შედეგად 120 მილიონ ლარამდე დაიზოგება. 

დღის ამბები