19 აპრილი 2024,   22:19
ვრცლად
8 წლის ტყუპ დებს მშობლები მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ - დედ-მამა პატიმრობაში რჩება

ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლ 8 წლის ტყუპ დებს მშობლები მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. მარტინოვების ოჯახში ადასტურებენ, რომ ბავშვები ქუჩაში დახმარების სათხოვნელად დადიოდნენ, თუმცა არა დაკავებული მშობლების დავალებით, არამედ თავიანთი სურვილით.

საკუთარი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ცოლ-ქმარი სასამართლომ ორთვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულ მარტინოვების ნათესავები სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

ანასტასია და პეტრე მარტინოვები სამართალდამცველებმა გუშინ ე.წ. ბოშათა დასახლებაში აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, 59 წლის მამაკაცი და 57 წლის ქალი საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ვიდეომტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მარტინოვების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და ისინი გააფრთხილეს კიდეც, თუმცა ამის მიუხედავად, ბავშვებს ქუჩაში მოწყალების თხოვნას მაინც აიძულებდნენ.

8 წლის ტყუპი დები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათ მეურვე მშობლებს კი 17 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ზებრა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე, მეტროსადგურებსა და მატარებლის ვაგონებში მოწყალების სათხოვნელად გასული არაერთი ბავშვია. ისინი ამბობენ, რომ მშობლებთან ერთად მუშაობენ, მთელი დღის განმავლობაში მოგროვებულ ფულს კი მშობლებს აძლევენ.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები