24 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა - საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს. შეერთებული შტატების ფედერალური ბიურომ უნდა დაადგინოს, რა ინფორმაციას ინახავს სმიტების ფოტოაპარატი, რომელიც სამართალდამცველებმა ამოიღეს.

დღეს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის სასამართლო პროცესი გაიმართა და მალხაზ კობაური მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დედა 20 წლის შვილს სასამართლო დარბაზში სთხოვდა, ეთქვა, თუ რა მოხდა 4 ივლისის ღამეს დუშეთის მთებში.

სასამართლო დარბაზში მამა-შვილი სმიტების მკვლელობაში ბრალდებულმა სასტიკ დანაშაულთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები სხვებმა მოკლეს. კობაურის მტკიცებით, რეალური მკვლელები მას ემუქრებოდნენ, რომ თუ დანაშაულს არ დაფარავდა, ოჯახის წევრებს დაუხოცავდნენ.  

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, სადაც მალხაზ კობაური ყვება, როგორ მოკლა ჯერ რაიან სმიტი და შემდეგ მისი ოთხი წლის შვილი. თუმცა 20 წლის მწყემსმა სასამართლო პროცესზე დღეს განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლით მისცა.

სასამართლო პროცესზე პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა 20 წლის ახალგაზრდამ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა და საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სწორედ კობაურის თანამშრომლობით გახსნა.

პროკურორების თქმით, საქმეში ჯერჯერობით არ იკვეთება სხვა პირების ბრალეულობა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. არსებობს ვერსია, რომ კობაურს დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდნენ. ბრალდების მხარე მკვლელობის მოტივად სმიტებსა და მწყემს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახელებს.

ადვოკატები პროკურატურის ვერსიებს არაარგუმენტირებულად მიიჩნევენ. ბრალდებულის ინტერესების დამცველები ისევ არ ასაჯაროებენ მკვლელობის იმ დეტალებს, რომელსაც მალხაზ კობაური მათთან პირად საუბარში ყვება და დანაშაულში სხვა პირებსაც ამხელს.

რაიან, ლორა და კაილებ სმიტების ცხედრები ამ დრომდე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურაშია დასვენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები