25 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
"პრეზიდენტი იტყუება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია"- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს ტყუილსა და კონსტიტუციის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მან შეარჩია. კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური როლი ჰქონდა აჭარის უმაღლესი საბჭოს შერჩეული კანდიდატის წარსადგენად.

„პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და მან კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად. არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია, ამ შემთხვევაში მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში ბუნებრივია მარგველაშვილს. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება, მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის მიერ, მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს, მან უნდა პატივი სცეს მათ შორის იმ ინსტიტუტებს რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მან ამ შემთხვევაში გამოავლინა უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა „შერჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და აჭარის მთავრობის თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

დღის ამბები