07 დეკემბერი 2021,   14:19
ვრცლად
330 შეკვრა ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინი - 3 სპეცოპერაციის შედეგად 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ხუთი ნარკორეალიზატორის დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინით ვაჭრობის სქემა გახსნეს და ხუთი რეალიზატორი პასუხისგებაში მისცეს.

პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი, ქრისტინე შაკაი და მარიამ გაბელაია, ჯავის ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციის დროს აიყვანა. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად პოლიციამ სახლში მყოფი ყველა პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს ისინი, ვისაც დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა.

მარიამ გაბელაიას ბებია ამტკიცებს, რომ მის შვილიშვილს აკრძალულ ნივთიერებასთან შეხება არ ჰქონია და ის ამ დანაშაულში მოტყუებით ჩაითრიეს. გაბელაიას ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა გოგოს მეგობარმა დაურეკა და იმ ადგილზე მიიყვანა, სადაც მოგვიანებით ის ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონებს არ ჰქონიათ კავშირი კახეთში დაკავებულ აკაკი ლომიძესთან. პოლიციამ ისიც გუშინ აიყვანა. ლომიძის მამა „კურიერთან“ ყვება, რომ შვილს დასაქმება მეზობელმა შესთავაზა და აუხსნა, რომ მის მოვალეობაში სხვადასხვა პროდუქციის დისტრიბუცია შედიოდა. დაკავებულის მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი უდანაშაულოა და არ იცოდა, რის რეალიზაციას ახდენდა.

პირი, რომელზეც აკაკი ლომიძეს მამა საუბრობს ასევე დაკავებული ზურაბ ლომიაშვილია. გამოძიების ვერსიით, ბოლოს ლომიაშვილი ვარკეთილში აკაკი ლომიძესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ინტერნეტით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციაში იყო ჩართული. გამოძიების ვერსიით, ზურაბ ლომიაშვილი ნარკოტიკის ვაჭრობის სქემაში საკურიერო მომსახურებას ეწეოდა და ერთი დავალების შესრულებისთვის უცნობი პირებისგან ხუთ ლარს იღებდა. ის ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება. სწორედ ლომიაშვილის რეკომენდაციით მოხვდა დანაშაულებრივ სქემაში 21 წლის აკაკი ლომიძე.

ყველა დამნაშავის კვალზე პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც სამართალდამცველებმა ფარული მოსმენისა და თვალთვალით დაადგინეს, როგორ ყიდიდნენ ახალგაზრდები ნარკოტიკებს თბილისისა და ბათუმის ქუჩებში. ჩხრეკის დროს ამოღებულია სხვადასხვა ადგილას გადამალული 134 და საცხოვრებელი სახლებში სარეალიზაციოდ გამზადებული 196 შეკვრა ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ვარდისფერი ამფეტამინი.

ყველა დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.   

 

დღის ამბები