30 ნოემბერი 2021,   16:26
ვრცლად
რუსეთის ვიზა ქრთამის სანაცვლოდ - "კურიერმა" რუსეთის ინტერესების სექციასთან ექსპერიმენტი ჩაატარა

რუსეთის ვიზა ქრთამის სანაცვლოდ - 350 ამერიკული დოლარი, დაახლოებით 900 ლარი, მოქალაქემ მოკლევადიან ვიზაში უნდა გადაიხადოს. ამ ფულის სანაცლოდ ის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ერთჯერადად მოიპოვეს და რუსეთში დარჩენას მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

კურიერმა ფარული ვიდეოკადრები გადაიღო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციასთან. ჟურნალისტური გამოძიების დროს კურიერის კონფიდენტი შუამავალ პირებს ესაუბრა, მათ თავი რიგით მოქალაქედ წარუდგინა და შეეცადა იმის გარკვევას, რა ფასად შეიძლება რუსეთის ვიზის მიღება.

ფასი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რუსეთიდან მოწვევა არა აქვს. ფარული გადაღებებს რუსეთის ინტერესების სექციასთან კურიერი რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა და გაირკვა, რომ ჭავაჭავაძის გამზირზე მდებარე საშუამავლო ფირმებს ჰყავთ წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იმყოფებიან რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებთან და მათი შეტანილი საბუთებისთვის მწვანე შუქის ანთება გარანტირებულია.

ქრთამის გადახდით ვიზის მიღება უპრობლემოდაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც რიგით მოქალაქეებს აქ დღისით და ღამით რიგში დგომა თვეების განმავლობაში უწევთ.

ხშირად მაისის, ივნისის და ივლისში მიღებული მოწვევის მფლობელებს ერთდროულად იბარებენ და კონსულთან შესაღწევად აურზაურში უწევთ დგომა. სიტუაციას ის ართულებს, რომ რუსეთს ინტერესების სექციაში შესვლისას რიგითობა დაცული საერთოდ არ არის, შესაძლებელია, რიგის ნომერი ამობეჭდილი გქონდეს, მაგრამ იგივე ციფრით სხვა მოვიდეს და წინ ის წავიდეს. როგორც საელჩოს წინ მდგომები ამბობენ, ფული უნდა გადაიხადო, რომ რუსეთის ინტერესების სექციაში შეაღწიო.

როგორც კურიერს სანდო წყარო უყვება, შუამავლის მიერ აკრეფილი ფული საკონსულოში მიდის. ყოველწიურად საკონსულო, დაახლოებით, 10 ათასობით ვიზას გასცემს, ოფიციალური მოსაკრებელი ვიზისთვის საშუალოდ 60 დოლარია, ამას ემატება ანკეტის შევსების არაოფიციალური მოსაკრებელი.

შუამავლები პირდაპირ კავშირზე არიან რუსეთის ინტერესების დაცვის სექციასთან. ფული კეთდება ვიზის ჩარტყმის დაჩქარებაზე, ურიგოდ ერთ დღეში შესვლაზე, ანკეტის შევსებაზე, მოწვევის მიღებას და თავად ვიზაში. განსახებული ტარიფებია ერთჯერად, სამთვიან, ექვსთვიან და წლიურ ვიზებზე. რუსეთში წამსვლელთა უმეტესობა კი, როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, 300-დან 550 დოლარამდე იხდის. 

 

 

 

ავტორი: ჯეიხუნ აივაზოვი 

დღის ამბები