23 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
შსს ნაფეტვრებში ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილზე თავდასხმისთვის 3 პირს ეძებს

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 5 ივლისს ნაფეტვრებში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირების ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "1983 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ბრალი წარედგინათ ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე".

სამივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 27 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს გ.გ.-მ, გ.ბ.-მ და ნ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თბილისში, სოფელ ნაფეტვრებში, ტყის მასივში გაჩერებული, ერთ-ერთი მოქალაქის - გ.ს.-ს კუთვნილი ავტობუსის დაყაჩაღება სცადეს, რა დროსაც მან თავდამსხმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი სროლისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაჭრა გ.ს.-ს დაცვის თანამშრომელი ნ.ბ., რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები