26 ნოემბერი 2020,   06:10
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება სერჟანტთა აკადემიაში - ინციდენტის გამო თანამდებობიდან აკადემიის მეთაური და კიდევ 4 პირი გათავისუფლდა

კოჯრის სერჟანტთა სკოლაში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას მთლიანობაში ათი მოსამსახურის კარიერა და ჯანმრთელობა შეეწირა. 5 დაჭრილი ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება, 3 ოფიცერი და 2 სერჟანტი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გუშინ აკადემიის ტერიტორიაზე ერთმანეთს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის დროს რამდენიმე სამხედროს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

წვევამდელებს შორის დაპირისპირების ოფიციალურ მოტივი უცნობია. თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თავდაპირველად კამათი წვევამდელებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

რატომ ჰქონდათ დანები სამხედრო მოსამსახურეებს, როდესაც მათი მორიგეობა დასრულებული იყო ან რატომ ვერ განმუხტა ვითარება აკადემიის ადმინისტრაციამ - ამ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

დღის ბოლოს იზორიას უწყებამ მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობიდან სერჟანტთა აკადემიის მეთაური და კიდევ 4 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გენერალური შტაბის მტკიცებით, აკადემიის ადმინისტრაციამ ადგილზე წესრიგის დაცვა ვერ მოახერხა. დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა თავდაცვის სამინიტროს ყოფილი თანამშრომლები მიმართ, ჯერ უცნობია.

კოჯრის სასწავლო აკადემიაში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები