19 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა ინდონეზიაში და 100-ზე მეტი დაღუპული - ლომბოკის ჩრდილოეთით შენობების 80% განადგურებულია

ორი დამანგრეველი მიწისძვრა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - ინდონეზიის პოპულარულ კუნძულ ლომბოკზე 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები განმეორდა.

მიწისძვრამ, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, ხიდები და მაგისტრალებიც დაანგრია, რის გამოც, სამაშველო ჯგუფები დაზარალებულ რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ლომბოკის ჩრდილოეთით შენობების 80 პროცენტი განადგურებულია. მაშველების უმთავრესი პრიორიტეტი კი ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების ამოყვანაა.

დაღუპულთა რაოდენობა მუდმივად იცვლება. ხელისუფლება 98 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს, ადგილობრივი მედია კი 140-ზე მეტი დაღუპულის შესახებ წერს. ყველა მათგანი ინდონეზიის მოქალაქეა. დაშავებულია რაოდენობა უკვე 230-ს აჭარბებს.

დროებით თავშესაფარში 20 ათასამდე უსახლკაროდ დარჩენილი გადაიყვანეს.

უცხოელი ტურისტები კუნძულიდან თავის დაღწევას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

დამატებითი რეისებისა და სამაშველო ხომალდების მოლოდინში ლომბოკის აეროპორტსა და სანაპიროზე ტურისტების გრძელი რიგი დგას.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 3 ათასამდე უცხოელის ევაკუაცია მოხერხდა.

დღის ამბები