23 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
მკვლელობა ნინოწმინდაში - 42 წლის გარეგინ მედელიანს ორი სტუმრის მოკვლაში სდებენ ბრალს

ნინოწმინდაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 2 ადამიანია მოკლული. მკვლელობის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

გამოძიების ინფორმაციით, 42 წლის გარეგინ მედელიანმა ორი სტუმარი მოკლა. ერთ მამაკაცს 9, მეორეს კი 5 ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევა მედელიანის სახლში ღამით მოხდა.

განსხვავებულ ვერსიას ყვება დაკავებულის ოჯახი. გარეგინ მედელიანის და, კატია მედელიანი ამბობს, რომ ოჯახში სტუმრად მყოფმა ორმა მამაკაცმა თავდაპირველად ჩხუბი ერთმანეთთან დაიწყო. კატია მედელიანის მტკიცებით, მისმა ძმამ თავდაცვის მიზნით ერთი სტუმარი დაჭრა.

ორივე გარდაცვლილი მამაკაცი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა, ისინი თბილისიდან იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი გადააკვალიფიცირა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სოფელ სათხეში მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური ფოტომასალა „კურიერმა“ მოიპოვა.

დღის ამბები