ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო საჩვენებელი წვრთნების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. წვრთნებში ევროპული და ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკის გარდა, ამერიკული საჰაერო ავიაციაც მონაწილეობდა.
ორკვირიანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ქართველმა, გერმანელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩაატარეს.
სწავლების ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე პირველად გამოჩნდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი.“
ვაზიანის თავზე დღეს დილიდან დაფრინავენ ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩები.“
დღევანდელი ღონისძიების მეორე ნაწილი სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიას დაეთმობა. სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და ამერიკელი დიპლომატები სიტყვით მიმართავენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.