17 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
„გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე“- კომპანიები ჩაჭრილ აბიტურიენტებს გამოცდების გარეშე სტუდენტობას ჰპირდებიან

„გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე“- მსგავსი სატელეფონო შეტყობინებებით ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს საშუამავლო ფირმები გამოცდების გარეშე სტუდენტობას 2 ათას 500 ლარად ჰპირდებიან.

ათობით კომპანია საქართველოს მოქალაქეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სომხეთსა და უკრაინაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას სთავაზობს. 3 თვის შემდეგ კი მათ საქართველოს ნებისმიერ აკრედიტებულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შეუძლია.

შეთავაზების მიხედვით, აბიტურიენტებს მხოლოდ სკოლის ატესტატი და სწავლის საფასური - 2500 ლარი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში მათ უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება არ უწევთ. კომპანიები სტუდენტ ბიჭებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლებასაც სთავაზობენ.

განათლების სამინისტროს აზრით, ასთი შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. უწყებას დღეიდან მობილობის პროცესში ცვლილებები შეაქვს. უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების გადმოყვანისას საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი პირობა ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება იქნება.

პროცესს ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს. უწყება მოუწოდებს აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ნუ ენდობიან კერძო კომპანიებს.

კერძო ფირმები კი მობილობის შემთხვევაში ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ახალ წესს არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები