20 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილის და ლევან ყიფიანის საუბრის ფარული ჩანაწერი კორუფციის შესაძლო შემთხვევაზე მიუთითებს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის ფარული ჩანაწერი კორუფციის შესაძლო შემთხვევაზე მიუთითებს - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის სავარაუდო საუბრის იმ ჩანაწერზე ავრცელებს განცხადებას, სადაც ომეგა ჯგუფის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, 2 მილიონი დოლარის გადახდაზე საუბრობენ.

ამ ჩანაწერში ასევე ნახსენებია უჩა მამაცაშვილი, რომელიც პარტია ქართული ოცნების   ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დეიდაშვილია და ასევე მონაწილეობდა ხსენებულ გარიგებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ამ შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიება მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტულ საქმეში სიმართლის დასადგენად, ისე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება კორუფციასთან ბრძოლას და, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები არ სარგებლობენ დე ფაქტო იმუნიტეტით, მიუხედავად მათი პოლიტიკური გავლენისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან მათი კავშირისა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ზაზა ოქუაშვილს დამატებითი განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს, დამატებითი განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს საუბარი ავთენტური, როდის და რა პირობებში შედგა ის და რა ტიპის “პროექტის” მოგვარებაზეა საუბარი. დაასახელოს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ჩართული იყო  პროცესში ან ითხოვდა ტელეკომპანია იბერიის დათმობას. მოვუწოდებთ, ასევე, ლევან ყიფიანს, გააკეთოს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები