ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ურეკთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და ავტომობილებს აღნიშნული მიმართულებით მოძრაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა გზის გაკეთება, გაზიფიცირება და განათება იყო.
აქციის მონაწილეებთან ქალაქის მერი მივიდა, რის შემდეგაც ხვარბეთელებმა აქცია შეწყვიტეს და ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ პრობლემური საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, საავტომობილო გზასთან ერთად რკინიგზასაც გადაკეტავენ.
ისინი სოფელში არჩევნების ჩაშლით დაიმუქრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
„ვაკეთებთ, 4800 მეტრის გზას, რომელიც დაპროექტებულია ახალი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელსაც გვიფინანსებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ წელს ეს არ მოხდება. წელს მიდის შესაბამისი სამართლებრივი და მოსამზადებელი სამუშაოები, ეს მოსახლეობას გავაცანი,“-განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.