19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
სერგეენკოს უწყებისა და აშშ-ის საელჩოს დახურული მიმოწერა მოსკოვში - კრემლთან დაახლოებული მედია ბიოლოგიური იარაღის შექმნის საფრთხეზე წერს

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოექცა.  ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საელჩოს შორის დახურული მიმოწერა მოსკოვში აღმოჩნდა. თბილისიდან გაჟონილი ინფორმაცია კრემლისთვის მორიგი პროპაგანდისტული ტალღის საბაბი გახდა.

წერილში დიპლომატები ლუგარის ლაბორატორიისთვის შტატებიდან გამოგზავნილი პათოგენების საბაჟო ზედამხედველობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სკანდალთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა პირველი განმარტება გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, საქართველოშიც კიბერშეტევა განხორციელდა და ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ჰაკერული წესით მოიპოვეს.

დალიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ე.წ. საგამოძიებო მასალა სათაურით “პენტაგონის ბიო ომები” 2018 წლის 16 იანვარს ინგლისურენოვან პორტალზე South Front გამოაქვეყნა. პორტალი რუსეთიდან იმართება და რუსულ დომეინზეა რეგისტრირებული.

ბულგარელი ჟურნალისტი რუსულ გამოცემებთან თანამშრომლობს, ამიტომ მკვლევარებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დახურული დოკუმენტების მოპარვა კრემლის მონაწილეობით მოხდა, თუმცა კვალის არევის მიზნით საბუთები ევროპელ ჟურნალისტს გამოაქვეყნებინეს.

„მედიის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ ჟურნალისტმა ღია წყაროებისა და მოპოვებული მიმოწერით შექმნა სიმულაცია, თითქოს, ამერიკასა და საქართველოში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ.

ოკუპანტი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა დავით სერგეენკოსა და ამირან გამყრელიძის სამსახურეობრივი მეილებიდან გაგზავნილი შეტყობინებები, სხვადასხვა კონფერენციისთვის საჭირო საორგანიზაციო დოკუმენტები, რომლითაც რუსულმა პროპაგანდამ სიმულაცია შექმნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ქართველები და ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებენ.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კონსპირაციულ თეორიებს კრემლი დროდადრო ავრცელებს, თუმცა ამჯერად ამ თემის გააქტიურება სკრიპალის სკანდალში რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ემთხვევა, რომელთაც 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალისნოვიჩოკით” მოწამვლაში ედებათ ბრალი.

ოპოზიციას აინტერესებს, როგორ ხვდება ინფორმაცია ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში და დაიწყო თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა, საიდან შეიძლება გადიოდეს პირადი მიმოწერა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაჟონვა, მსოფლიო პრობლემაა, რომლის წინაშე საქართველოც დგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები