05 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
დღეს პოლიციას არა კრიმინალების, არამედ საკუთარი ხელმძღვანელობის ეშინია - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს არღვევს

„დღეს პოლიციას არა კრიმინალების, არამედ საკუთარი ხელმძღვანელობის ეშინია,“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს სწორედ ამ ფრაზით არღვევს.

მაიორი იაკობ მანველიძე, რომელიც ძალოვან უწყებაში 2009 წლიდან მუშაობდა და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ ასეთი დემორალიზებული პოლიცია არ ახსოვს.

ყოფილი ძალოვანი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინპექციას სადამსჯელო დანაყოფად გადაიქცა. მისი თქმით, უწყება მინისტრს გიორგი გახარიას ექვემდებარება, გენინსპექციის დანაყოფს კი მინისტრი თანამშრომლების წინააღმდეგ იყენებს.

ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ, თუ სისტემის წინააღდეგ ვინმე მიდის და სამინისტროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მაშინ მას სჯიან.

სისხლის სამართლებრივ დევნამდე საქმე არ მისულა, თუმცა, საკუთარი პოზიციის გამო, კობა მანველიძემ სამსახური დაკარგა.

გენინსპექციამ მანველიძის საქმის შესწავლა 2018 წლის 8 აგვისტოს დაწყო. მას მაკონტროლებელი უწყება სამსახურის არასაპატიო მიზეზით გაცდენას ედავებოდა. ამ პერიოდში მანველიძე მუშაობას აგრძელებდა. სექტემბერში კი მინისტრის ხელმოწერილი ბრძანება მიიღო, სადაც ეწერა, რომ ივლისის შემდეგ სამსახურიდან დათხოვილი იყო.

მაიორმა მანველიძემ ორი თვის განმავლობაში გათავისუფლებულმა იმუშავა და დავალებს ასრულებდა. მას ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ ეს ხელფასი უკან და უნდა დააბრუნოს იმიტომ, რომ შეცდომით ჩაურიცხეს.

კობა მანველიძე ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. გენერალურ ინსპექციაში ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ სამსახურს არასაპატიო მიზეზით აცდენდა. მისი თქმით, ხელი რომ არ მოეწერა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

ყოფილი ძალოვანი ირწმუნება, რომ მსგავსი ძალადობის და უკანონობის მსხვერპლი პოლიციაში არაერთი თანამშრომელია.

 

დღის ამბები