25 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
14-საათიანი გამოკითხვა ფიზიკური ზეწოლის ქვეშ - ჯარისკაცი პოლიციის განყოფილებიდან ტვინის შერყევით ჰოსპიტალში გადაიყვანეს

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს შეირაღებული ძალების ოფიცერ ზურა მორჩილაძეს სამართალდამცველებმა სცემეს. ჯარისკაცი დიუმას ქუჩაზე ორი კვირის წინ მოკლული ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. მოწმის სტატუსით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმავე დღეს დაიბარეს.

„კურიერის” ინფორმაციით, გამოკითხვაზე მისული ჯარისკაცი პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში აიყვანეს, სასტიკად სცემეს და მკვლელობის საკუთარ თავზე აღება მოსთხოვეს. „რუსთავი 2"-ის ცნობით, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე საუბარი ჯარისკაცს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის საფუძველზე აუკრძალეს.

"კურიერის" ინფორმაციით, შეირაღებული ძალების ოფიცერზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გახდა აუცილებელი. ტვინის შერყევის გარდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს დაზიანებები სხეულზეც აღენიშნებოდა.

დეტალური ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის შესახებ ჯარისკაცმა მოკლული ვიტალი საფაროვის ინტერესების დამცველებსაც მიაწოდა. უფლებადამცველები მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ზურა მორჩილაძის ცემის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება პროკურატურასა და სამხედრო პოლიციას არ მოუხდენია.

შეირაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, არჩილ ომიაძე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

ჯარისკაცზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვთ მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრებსაც. გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს კონკრეტული პირების მფარველობაში ადანაშაულებს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 25 წლის ვიტალი საფაროვი ქსენოფობიურ ნიადაგზე ჯგუფურად მოკლეს და მკვლელობაში არასრულწლოვანიც მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარისკაცზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

დღის ამბები