18 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
ზაზა სარალიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა - პროკურატურამ პატიმრობა და გირაო არ მოითხოვა

ზაზა სარალიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩა. პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისთვის არც პატიმრობა და არც გირაო მოითხოვა. ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც ბრალდების მხარემ დააყენა, წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნა იყო.

ზაზა სარალიძე ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება.

„ვერ გეტყვით, ეს საქმე რატომ არის რუსთავში გადმოტანილი და რატომ იძიებს რუსთავის საოლქო პროკურატურა ამ საქმეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, იგივე გუგუშვილი, იგივე შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა. რა ბრალიც მაქვს წაყენებული, არ ვეთანხმები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის, თქმით, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების არგამოყენება ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძე დამნაშავე არ არის.

უფლებადამცველის განცხადებით, შვილმოკლული მამა მსხვერპლია და მას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა.

პროკურორის თქმით კი, ზაზა სარალიძე სამართალდამცველს თავს დაესხა.

„კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ნათლად ჩანს, რომ ბატონი ზაზა პირველ შემთხვევაში ლითონის მილის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებდა. ამის გარდა, ბატონი ზაზა პოლიციელების მიმართულებით თავდასხმას უკვე ხელებით აგრძელებდა. ლითონის მილის გამოყენება დასტურდება, მაგრამ რომც დავუშვათ, რომ ლითონის მილი არ არსებობდა, თავდასხმის ფაქტი მაინც არსებობს,“ - განაცხადა პროკურორმა, ლევან ჯალაღონიამ.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბერს დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. შვილმოკლულ მამას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. 

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები