20 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
"არც დაფიქრებულა, ისე ვყავდი სასიკვდილოდ განწირული" - გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ სხვა დაზარალებულები ალაპარაკდნენ

ახალი დეტალები გორში 8 წლის  ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეში - იაგო ნებიერიძე, რომელსაც 8 წლის გოგონას მკვლელობა ბრალდება და ასევე 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებაშია ბრალდებული, 2009 წელს ორ არასრულწლოვანზე ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებითაც დააკავეს და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, იაგო ნებიერიძის ინტერესებს გელა ნიკოლეიშვილი იცავდა და სწორედ მისი და ნანა კაკაბაძის ჩართულობით, დაკავებულს ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ „რუსთავი 2"-ის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა. მისი თქმით, იაგო ნებიერიძეს საერთოდ არ იცნობს.

„მე თქვენთან არ ვკონტაქტობ. ინტერვიუს არ გაძლევთ. დახურეთ კარები!“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

გელა ნიკოლეიშვილი უარყოფს, რომ იაგო ნებიერიძის ინტერესებს ივცავდა. მისი თქმით, ის ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე, თუმცა ბრალდებულს სხვა რიგითი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა.

იაგო ნებიერიძისთვის სასჯელის განახევრება მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომელთა გამოც ის დააკავეს და 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. როგორც ცნობილია, 2009 წელს ნებიერიძე 12 წლის გოგონას აედევნა და სადარბაზოში თავს დაესხა და ტელეფონი წაართვა. დაზარალებულმა გოგონამ „კურიერთან“ შემთხვევის დეტალები გაიხსენა.  

 „შევვადგი თუ არა სადარბაზოში ფეხი, ტელეფონი მეჭირა, მაგით ვანათებდი, პირსა და ცხვირზე მოკიდა, მახრჩობდა და მართმევდა ტელეფონს. ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი. რომ მახრჩობდა, ხელზე ვუკბინე და დავიყვირე. როდესაც დავიყვირე, მამაჩემის ძმაკაცები აივანზე გამოვარდნენ. როდესაც გარბოდა, თავში ჩამარტყა ფეხი. თავზე ხელი მივიდე და სისხლიანი მქონდა. 12 წლის ვიყავი. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ უშვებენ ეგეთ ხალხს. არ ვიცი, ახლა მე ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა,“-  განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

„კურიერის“ ცნობით, ამ დანაშაულიდან ორ დღეში იაგო ნებიერიძე თავს კიდევ ერთ ქალბატონს დაესხა, მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

„ჩანთის წართმევა დაიწყო, გავუძალიანდი, არ მივეცი ჩანთა. შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამარტყა წიხლი და კიდევ არ მივეცი. მესამედაც რომ ჩამარტყა, ჩანთა გამომტაცა და მე დავიწყე ყვირილი, მიშველეთო. ჩემს ყვირილზე უბნელი ბიჭი გამოიქცა, ჩემს საშველად და კიდევ ერთხელ მოასწრო მან თავში ჩარტყმა და ეს ბოლო, რომელიც საფეთქელთან დამარტყა ხის ფეხსაცმლიანი ქუსლით. რომ არც დაფიქრებულა, ისე ვყავდი მეც სასიკვდილოდ განწირული. 17 წელი მიესაჯა მაშინ. ჩემს სასამართლოზე რომ გამოუტანეს განაჩენი. ამ ამბავმა ჩემთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ტელევიზიით რომ თქვეს მისი სახელი და გვარი, ალბათ, მაშინ არ განმიცდია ის უბედურება, რაც ახლა განვიცადე,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

დღის ამბები