სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., თბილისში აიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილსა და ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.