16 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
ვითარების გამწვავების საფრთხე სოფელ ფოკაში და სპეცდანიშნულების რაზმი - „კურიერის“ კამერამ ახალციხის ცენტრში ექსკლუზიური კადრები გადაიღო

სოფელ ფოკაში, სადაც მკვლელობა მოხდა, ვითარების გამწვავების საფრთხე ამ დრომდე მაღალია. გადამწვარი სახლებისა და მანქანების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმი შეეყვანა.

„კურიერს“ პოლიციის თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ სპეცრაზმი ისევ ნინოწმინდაშია, რადგან არეულობის საფრთხე არ განეიტრალებულა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებული თანასოფლელებს მუდმივად აყენებდა შეურაცხყოფას და ამაზე პოლიცია არ რეაგირებდა. მოკლულის მამის თქმით, სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა დაკავებულის ოჯახს მთელი სოფელი და ისინი აიძულეს, დასახლებიდან გახიზნულიყვნენ.

ორივე დაპირისპირებული მხარე პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სამართალდამცველებმა სოფელში არსებული მწვავე დაპირისპირების შესახებ იცოდნენ, თუმცა არ რეაგირებდნენ.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა სოფელ ფოკაში მოსახლეობის ორ დიდი ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირების შედეგი, რასაც 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ადვოკატი ბრალდებებს დღეს პროკურორმა არ უპასუხა, შეეძლო თუ არა პოლიციას ფოკას ტრაგედიის თავიდან აცილება, ამ თემაზე სახელმწიფო ბრალდებას საუბარი არ სურს.

„კურიერის“ კამერამ ახალციხის ცენტრში ექსკლუზიური კადრები გადაიღო. ავტომობილი, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული იზოლატორში გადაჰყავდათ, ქალაქის ცენტრში გააჩერეს. „კურიერის“ გამოჩენის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა, მოქალაქე კი, რომელიც ბრალდებულს ელაპარაკებოდა, საუბრის დეტალებს არ ყვება.

დაზარალებულის ოჯახისთვის ამ კადრებით დასტურდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებთან კავშირშია და ამიტომაც მას მფარველობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები