თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის აღკვეთის ღონისძიების შესახებ ამ წუთებში მსჯელობენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ მინდია გოგოჭურს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა და მას იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმის მასალებში მტკიცებულებები არ არსებობს და გამოძიება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას ეყრდნობა.
ადვოკატი ბრალის დამძიმების მიღმა პოლიტიკური მოტივების არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის სიძე იდევნება.
პროკურატურა მინდია გოგოჭურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას მოითხოვს, რადგან ეჭვობენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მან შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს ან მიემალოს გამოძიებას.
პროკურორმა ასევე განმარტა, რომ მინდია გოგოჭურმა თავიდანვე იცოდა, რომ მისი მეგობარი, გიორგი რაზმაძე ივნისიდან ძებნილი იყო და სწორედ მისი დაფარვის მიზნით იქირავა ბინა, სადაც სამართალდამცავებმა ორივე დააკავეს.
პროკურორის განმარტებით, არიან თვითმხილველები, რომლებიც მოყვებიან, რომ სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გოგოჭურმა და მისმა მეგობარმა მოიშორეს მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.
პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაცვის მხარისთვის და ასევე, მინდია გოგოჭურისთვის მიუღებელია.
დღეს მინდია გოგოჭურმა მოსამართლეს მიმართა და ითხოვა, რომ გაათავისუფლონ, რადგან მისი მისამართით პოლიციელების მხრიდან დევნა ხორციელდება. გოგოჭურის თქმით, მას დაკავებისას სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ ბინიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კი ოფიციალურ დოკუმენტებში ნარკოტიკული საშუალებების ცეცხლსასროლი იარაღით შეცვლა მოხდა. სწორედ ამიტომ გოგოჭური ფიქრობს, რომ ის მისი მეგობრების მსგავსად პოლიციელების მხრიდან დევნილია.
გოგოჭურის ინტერესების დამცველებმა სასამართლოს მიმართეს, რომ საერთოდ აღკვეთის გარეშე მოხდეს მისი დატოვება და ასევე, მზად არიან, რომ გოგოჭურის საზღვარგარეთის პასპორტი ჩააბარონ. ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე შეთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით. ადვოკატის განმარტებით, თბილისის ცენტრში გოგოჭურის სახელზე არის საკმაოდ ძვირადღირებული ბინა, რომელსაც გარანტად ჩადებენ.
მოსამართლე ამ წუთებშიც ისმენს ბრალდების და დაცვის მხარის სიტყვას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.