19 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
პოლიტიკა და ვენდეტა - სისხლიანი გარჩევების კადრები, სადაც მინდია გოგოჭური ფიგურირებს

კურიერის სანდო წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.

სავარაუდოდ, სიძის თავისუფლებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ევაჭრებოდნენ. წყაროს ცნობით, ისინი ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნება არ გაეკრიტიკებინა, სანაცვლოდ კი სისხლიან გარჩევების საქმეებს, სადაც მინდია გოგოჭური ფიგურირებდა, მსვლელობას არ მისცემდნენ.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურის არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან ერთ კვირაში დააკავეს, თუმცა, მის წინააღდეგ მტკიცებულებები და ვიდეოკადრებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ხანია, აქვს.

თბილისის ცენტრში მდებარე კაფე სტრადას სათვალთვალო კამერით 26 ნოემბერს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, კურიერის ინფორმაციით, მარგველაშვილის სიძეა, მეორე კი მისი მეგობარი. კადრებით კარგად აღიქმება, რომ ისინი შეიარაღებული თავდამსხმელებისგან დაცვას ცდილობენ. მასალაში ასევე გარკვევით ჩანს, რომ მინდია გოგოჭური მეგობრის იარაღს იღებს და საპასუხო ცეცხლს ხსნის.

კურიერმა კაფე სტრადას სხვა კამერის ჩანაწერიც მოიპოვა, სადაც ამ შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყისია ასახული. კადრების მიხედვით, მინდია გოგოჭური, მეგობარ გოგოსთან და ბიჭთან ერთად, ვერანდაზე სიგარეტს ეწევა, რა დროსაც მათი მისამართით ბუჩქებიდან სროლას იწყებენ. კურიერის წყაროს ცნობით, თავდამსხმელების სამიზნე მინდია გოგოჭური იყო, მისი მისამართით მთელი მჭიდი დაცალეს, თუმცა, ვერ დაჭრეს. დაზიანებებისგან ის ჯავშანჟილეტმა დაიცვა. მის ნაცვლად მისი მეგობრები დაიჭრნენ. თუმცა, სამართალდამცველებს ხალხმრავალ კაფეში სროლაზე პასუხისმგებელი ჯერ არ გამოუვლენიათ.  

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პრეზიდენტის ოჯახის წევრი, მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილ მეგობართან ერთად, იმ ბინიდან აიყვანეს, რომელიც მას სტრადაში დაჭრილ გოგონასთან ერთად ჰქონდა ნაქირავები.

როგორც გაირკვა, სტრადაში მომხდარ სროლამდე პროკურატურა მინდია გოგოჭურის კავშირს სხვა სისხლის სამართლის საქმესთან იკვლევს. პროკურორი კურიერთან ინტერვიუში ამბობს, რომ გოგოჭურის კორპუსთან ამოღებული იარაღი ნოემბერის ბოლოს ერთ-ერთი თავდასხმისას გამოიყენეს, რა დროსაც სავარაუდო სამიზნე გოგოჭურის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას ძმა - დავით კაჭარავა, იყო.

შეირაღებული დაპირისპირება, რომელზეც პროკურორი ყვება, რესტორან მეიდანში 22 ნოემბერს მოხდა. მაშინ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა. დაიჭრა მეიდნის ორი სტუმარი. სანდო წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კურიერს უთხრა, რომ რესტორანში მინდია გოგოჭური ისროდა, რაც მისი მხრიდან იყო შურისძიება ზაფხულში მასზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე. ივნისის დასაწყისში მინდია გოგოჭურს სახლთან ახლოს ესროლეს.

კურიერის წყაროს ინფორმაციით, გოგოჭური ეჭვობდა, რომ მასზე თავდასხმაში შესაძლოა, დათო კაჭარავაც მონაწილეობდა.

დაჭრილი დავითი კაჭარავას ბაბუა ყვება, რომ შეირაღებული თავდასხმის დროს რესტორან მეიდანში მხოლოდ მისი შვილიშვილი არ დაშავებულა, ტყვია მოხვდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს, აკაკი ალადაშვილსაც, რომელიც სულ სხვა სუფრასთან იჯდა.

დღის ამბები