18 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
სახელმწიფო მანქანებისთვის მთავრობა 74 მილიონ ლიტრ საწვავს ყიდულობს, რაშიც 166 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

ყოველწლიურად სახელმწიფო მანქანებისთვის მთავრობა 74 მილიონ 450 ათას ლიტრ საწვავს ყიდულობს, რაშიც 166 მილიონ 316 ათას 500 ლარს იხდის. სახელმწიფო მანქანებით მოსარგებლეების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ ხალხის ხარჯზე პირად საქმეებზე დადის.

საწვავის შესაძენად მთავრობა კონსოლიდირებული ტენდერით სარგებლობს. შესყიდვაში სამი მსხვილი კომპანია მონაწილეობს. სახელმწიფო ვისოლ ჯგუფისგან ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს 2.53 ლარად ყიდულობს. რომპეტროლისგან პრემიუმ კლასის ბენზინს 2.31 ლარად, რეგულარს - 2.25 ლარად. დიზელს სოკარ ჯორჯიასგან ყიდულობენ და 1 ლიტრის ფასი ჩინოვნიკებისთვის 2.37 ლარია. კომპანიები სახელმწიფოს რიგით მოქალაქეებთან შედარებით, 1 ლიტრ საწვავზე საშუალოდ 30 თეთრიან შეღავათს უკეთებენ.

ოპოზიცია გარიგებულ ბალანსზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოსთვის გაწეული შეღავათის შემდეგ რიგით მოქალაქეებზე გაყიდული საწვავის ფასით ინაზღაურებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მაღალჩინოსნებისთვის გამოყოფილი საწვავი არა მხოლოდ მათ სამსახურებრივ გადაადგილებას, არამედ მათი და მათი ოჯახის წევრების სხვა საჭიროებებისთვის გამოიყენება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირებისთვის, რომელებიც ისედაც მაღალი ანაზღაურებით სარგებლობენ, ავტომობილები, მათი მოვლა და საწვავი დამატებითი ფუფუნებაა.

მთავარ კითხვას, რატომ არ იკლებს საწვავის ფასი მაშინ, როდესაც ეს მსოფლიო ტენდენციაა და რატომ ყიდიან საწვავს ბევრად ძვირად მოქალაქეებზე, ვიდრე მაღალჩინოსნებზე, ნავთობიმპორტიორები არ პასუხობენ.

 

 

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

დღის ამბები