24 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ივანიშვილის ხუშტურებზე კეთდება ყველაფერი - ოპოზიცია ფოთში ნიკო ნიკოლაძის ისტორიულ კოშკში ჩატარებულ უხარისხო სამუშაოებზე საუბრობს 

ოპოზიცია ფოთში ნიკო ნიკოლაძის ისტორიულ კოშკში ჩატარებულ უხარისხო სამუშაოებზე საუბრობს. 

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის განმავლობაში უტარდებოდა და ცოტა ხნის წინ გაიხსნა, თუმცა გახსნიდან მალევე შენობაში ჭერი დაზიანდა და წყალი ჩავიდა.

„ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი იყრის კენჭს და ამის საპირწონედ დადეს ეს ყველაფერი. ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული კულტურული მემკვიდრეობის და როგორ შეიძლებოდა საერთოდ ხელყოფა, მაგრამ ეს ხელისუფლება რა ხელისუფლებაა, საკუთარ თავზე ირგებს ყველანაირ კანონს და შედეგიც სახეზეა. როგორ? ერთი თვე არ არის გაკეთებულია და ნახეთ რა მდგომარეობაში იმყოფება. აი ასე ანგრევს მიზანმიმართულად ამ ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით. ივანიშვილის ხუშტურებზე კეთდება საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დარეჯან ცხვიტაიამ.

კოლხური კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი ამბობს, რომ არსებულ ხარვეზს სამშენებლო ფირმა გაასწორებს.

„ერთ-ერთი ძლიერი წვიმის დროს რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა წყალი. ბანა ჯგუფის წარმომადგენელი ბატონი რამაზი და მისი მშენებლები მოვიდნენ ადგილზე, შეისწავლეს პრობლემა და გადაწყდა, რომ ეს ჭერი მოხსნილი იყო, ის არ ჩამოვარდნილა, არ ჩამოქცეულა. ჭერი მოიხსნა, ადგილზე მოხდა ლოკალური შესწავლა იმ პრობლემური ადგილების , დაისახა გეგმა და უახლოეს დღეებში მოხდება ამ დაზიანებების აღმოფხვრა,“ - განაცხადა ელენე გაბლიანმა.

დღის ამბები