25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
"ცუნამის მოვარდნის რეალური საფრთხე კიდევ არსებობს,“ - ინდოენზია შველას ითხოვს

ინდონეზიაში, დამანგრეველი ცუნამის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 24-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 220 დაღუპული აღმოაჩინეს. სახელდახელოდ აგებულ სამედიცინო ცენტრებში კი ათასზე მეტ დაშავებულს მკურნალობენ. 

გიგანტური ტალღა ნაპირს იმ დროს დაატყდა თავს, როცა სასტუმროს ღია კაფეში პოპულარული ინდონეზიური როკ ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა. მოვარდნილმა ტალღებმა წალეკა ათობით სასტუმრო, მაღაზიები კაფე ბარები და 3 რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორა.

გადარჩენილები იხსენებენ, რომ ცუნამის მოვარდნამდე სანაპიროზე ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა. მოგვიანებით მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გიგანტური ტალღების მოვარდნა, წყალქვეშა ბიძგებმა გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა. ანაკ კრაკატაუ ოკეანეში მდებარე ვულკანური კუნძულია და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა. მისი კრატერიდან ცეცხლოვანი ლავა იფრქვევა, რის გამოც სპეციალისტები განმეორებით რყევებსა და ცუნამის არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„გთხოვთ არ მიუახლოვდეთ ნაპირს, რადგან ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება და ცუნამის მოვარდნის რეალური საფრთხე კიდევ არსებობს,“ - ამბობს სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, სუტოპო პურვონუგრონო.

 

დღის ამბები