23 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრომ ახალ გერბზე ფასკუნჯები მიახატა 

თავდაცვის სამინისტრო სიმბოლიკას ცვლის - სამხედრო უწყებაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და შექმნილია ახალი გერბის, დროშების, ლოგოებისა და ნიშნების ესკიზები. ​

ჰერალდიკის სპეციალისტები კი უკვე მიანიშნებენ ახალ სიმბოლოებში არსებულ დარღვევებზე და რაც მთავარია, ქართული არმიის და ქვეყნის საგარეო სამხედრო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე. თავდაცვის სამინისტრო და ჰერალდიკის საბჭო სიახლეებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

ეროვნებათმცოდნე დავით ცხადაძე ამბობს, რომ ახალი სიმბოლო სიძლიერის განცდას აღარ უტოვებს. აღწერაში მითითებულია, რომ ერთ-ერთი მთავარი დეტალი სიმბოლოზე ორი ფასკუნჯია, რაც მისთვის გაუგებარია.  ცხადაძე განმარტავს, რომ არსებობს კონკრეტული პარამეტრები რომელსაც სახელმწიფო სიმბოლიკა უნდა ექვემდებარებოდეს, ახალ გერბში კი ყველა ეს სტანდარტი დარღვეულია.

კონკრეტულად ვინ იმუშავა ახალ სიმბოლიკაზე ჰერალდიკის საბჭოსი არ ამბობენ. განმარტავენ, რომ ეს საერთო ნამუშევარია და არა ერთი კონკრეტული ადამიანის. ადასტურებენ იმასაც, რომ მასზე მხატვრებს ხელით არ უმუშავიათ და ის მთლიანად კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი. შეცვლის მიზეზად კი ახალ სამხედრო დროშებს ასახელებენ. 

თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში კი პასუხისმგებლობას გაურბიან. ამბობენ, რომ ახალ სიმბოლოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მთლიანად ჰერალდიკის საბჭომ მიიღო. თუმცა დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნდა, სწორედ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აწერს ხელს.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით სიხარულიძე იხსენებს, რომ უწყების სიმბოლიკაზე მუშაობის დროს ვახტანგ რურუასთან ერთად, გადაწყვეტილებებს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისია იღებდა. შესაბამისად, მან სრულად ასახა ქართული ჯარის სულისკვეთება და ქვეყნის საგარეო თუ საშინაო კურსი.

ჰერალდიკოსებმა პირად საუბარში „კურიერს“ დღეს უთხრეს, რომ ცვლილების ინიციატორი სწორედ თავდაცვის სამინისტრო იყო.

დღის ამბები