20 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძე გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი გრძელდება.

პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა, გამოიკითხა 4 მოწმე, მათ შორის პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ზაზა სარალიძეც.

ბრალდებულის ინტერესების დამცველები ისევ ამბობენ, რომ ბრალდებული უკანონო პატიმრობაშია. ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, ყველა მოწმემ დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობა.

„ბატონმა სარალიძემ განაცხადა ის, რასაც ყოველ დღე საჯაროდ აცხადებს, რომ პროკურორებმა, გამომძიებლებმა გააყალბეს მტკიცებულებები, ხელი დააფარეს დამნაშავეებს, არ გამოიძიეს ობიექტურად. მათ დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა ის, რომ საქმეზე არ დადგინდა უშუალოდ მისი შვილის მკვლელი და მკვლელები არიან გარეთ. დ.ღ-ს არ უარყვია ზაზა სარალიძესთან შეხვედრა, დ.ღ.-მ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით სასამართლოზე არ თქვა და როგორც არასრულწლოვანი საუბრობს, ეს არ თქვა იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ზაზას და მას შორის უშუალოდ საუბრის დეტალები, რაც საქმესთან იმ მომენტში შემხებლობაში არ იყო და როგორც პროკურორებმა უთხრეს, ეს არ იყო მნიშვნელოვანი,“ - ამბობს ადვოკატი.

პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას თქმით, ზაზა სარალიძემ დღეს დაადასტურა, რომ არასრულწლოვანსა და მას შორის შეხვედრა შედგა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ისაუბრეს.

დღის ამბები