20 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
"სასამართლოში მე ვარ ლიდერი" - ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეკითხვებს პასუხობს

გახდება თუ არა ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლე - სკანდალური მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს. გასაუბრების პროცესი საჯაროა. მთავარი კითხვები სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას და სანდრო გირგვლიანის საქმეს ეხება.

გასაუბრების განმავლობაში მურუსიძეს შეკითხვებს მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრები უსვამენ, მოსამართლე წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ისინი კარგად იცნობენ მურუსიძეს და მის საქმიანობას. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს მიმართა, რომ მათ ლევან მურუსიძისთვის მიეცათ საშუალება კითხვებზე პასუხი გაეცა.  დოლიძე დაინტერესდა, ხომ არ ეშინიათ იმის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე რაიმე ზედმეტს იტყოდა, რის გამოც, დოლიძის განმარტებით, შესაძლოა, აზრის გამოთქმას არ აცდიდნენ.

„ბატონ ლევანს არ აქვს უნარი, რომ თვითონ უპასუხოს ან აიცილოს კითხვა? თქვენ ნუ ერევით. გეშინიათ, რომ რამე ზედმეტს იტყვის?“ - განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.

ლევან მურუსიძეს შეკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. მას აინტერესებდა, რატომ მიიჩნევს თავს მურუსიძე სასამართლოს ლიდერად.

„თქვენ ახლახან ბრძანეთ, რომ მე ვარ სასამართლოს ლიდერი, რა ლეგიტიმაციის ლიდერი ბრძანდებით? რატომ ხართ თქვენ დღეს სასამართლოს ლიდერი?“- მიმართა კითხვით ნაზი ჯანეზაშვილმა ლევან მურუსიძეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შეკითხვას ადრესატმა უპასუხა. ლევან მურუსიძის თქმით, ის არის სასამართლოში ლიდერი.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, მას აქვს მოსამართლეებთან ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე. მურუსიძის შეფასებით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს.

„გეტყვით, რატომ ვარ ლიდერი. ლიდერი ზოგადად ყალიბდება იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც აქვს ადამიანს. ამიტომ თანამდებობაზე როდესაც არის ადამიანი, შეიძლება იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ არ იყოს ლიდერი, მაგრამ იყოს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს თანამდებობა, მაგრამ იყოს ლიდერი რეალურად. არ მინდა საკუთარი თავის ქება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქვს იმის უნარ-ჩვევები, რეალობა, ურთიერთობა, ამიტომ გეუბნებით, რომ მოიკითხეთ სასამართლოში რის საფუძველზე არის ლევან მურუსიძე ლიდერი, რას უშვრება ლევან მურუსიძე მოსამართლეებს, აშინებს? რამეს ჰპირდება?

„არც საბჭოს მდივანი ვარ, არაფერი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. მე ვარ ლევან მურუსიძე ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, აგერ მითხარით, მე მოვედი ამაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას გავცე პასუხი. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე,“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები