20 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
შეწყალების კომისიას წევრები ტოვებენ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ახალ შემადგენლობაზე მუშაობას იწყებს 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყო. ადმინისტრაციაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კომისიის ძველი შემადგენლობა რამდენიმე წევრმა საკუთარი სურვილით დატოვა. მათ შორის კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ქორიძემ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, შეწყალების კომისია პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მას პრეზიდენტი საკუთრი ნდობით აღჭურვილი პირებით აკომპლექტებს, სწორედ ამიტომ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ კომისია დაეტოვებინა.  ზვიად ქორიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალების კომისიაში დარჩენაზე რომც მიეღო შეთავაზება, არ დათანხმდებოდა.

„რატომაა მნიშვნელოვანი ასეთი კომისიის არსებობა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ღირებულებითი ერთობა პრეზიდენტთან, პრეზიდენტიც იზიარებს ამ ადამიანების ხედვებს და მეორე - ურთიერთნდობა,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

„კურიერი“ ეკა გიგაურსაც ესაუბრა. მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ კომისიის წევრები თავად შეარჩიოს, ამიტომ შეწყალების კომისია მან საკუთარი სურვილით დატოვა.

„ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, რომ თითქოს იქ განახლებას აპირებს. ალბათ ახალი წევრების შემატებასაც აპირებს, იმიტომ რომ ამ კომისიის წევრი უკვე აღარ ვარ,“- განაცხადა გიგაურმა.

იქნებიან თუ არა კომისიის სხვა წევრები სალომე ზურაბიშვილის გუნდში, ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტი კომისიის ძველ შემადგენლობას გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

"კურიერის" ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობა მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმაც დატოვა, თუმცა აღნიშნული მასთან გადამოწმებული ჯერჯერობით არ არის. 

"რუსთავი2" კომისიის კიდევ ერთ წევრს, ლია მუხაშავრიას დაუკავშირდა. მან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ კომისიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ დაუწერია.

თუ მისი სურვილი იქნება, რომ დავრჩე, ამას მერე ვიფიქრებ. ჯერჯერობით მგონია, რომ ჩვენ დავამთავრეთ მუშაობა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მე არ მაქვს კომუნიკაცია, არც მქონია მცდელობა,“- განაცხადა მუხაშავრიამ.  

დღის ამბები