25 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
ბესელია ივანიშვილის სურვილით გაუშვეს - ოთარ კახიძე

მმართველ გუნდში დაწყებულ დაპირისპირებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის გამო არ დაწყებულა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ. განხეთქილება მისი თქმით, კლანური ურთიერთობების გარკვევას მოჰყვა. 

კახიძე ამბობს, რომ უვადო მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. 

„ჩინჩალაძის გამწესება უზენაეს სასამართლოში უვადოდ არის ივანიშვილის სურვილი და თუ ვინმეს უმრავლესობიდან აქვს რამე პროტესტი ამასთან დაკავშირებით უნდა დააფიქსიროს ბიძინა ივანიშვილის მისამართით ეს პროტესტი, მაგრამ ამას ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ რეალურად მათ ეს თემა არ აღელვებთ, მათ აღელვებთ შიდა კლანური ურთიერთობების გარკვევა,“ - ამბობს კახიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმითვე, ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სწორედ ივანიშვილის სურვილით გაუშვეს.

„ქალბატონი ბესელია ივანიშვილის სურვილით გაუშვეს ამ შემთხვევაში თანამდებობიდან და ეს არ ყოფილა რაღაც პრინციპული საკითხი, რომელიც შემოგვასაღეს საზოგადოებას, რომ რაღაც პრინციპული პოზიციების გამო დატოვა თანამდებობა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ბოლო სხდომაზე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სწორედ ფოფხაძეს უნდა შეესრულებინა ბესელიას უფლება-მოვალეობა, თუმცა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არათუ პირველი მოადგილე, არამედ კომიტეტის წევრიც აღარაა. 

დღის ამბები