24 აპრილი 2024,   23:42
ვრცლად
პოლიტიკური ვენდეტა "ქართულ ოცნებაში" - მმართველი პარტიის ბოსებმა ბესელია და ფოფხაძე დაუმორჩილებლობისთვის დასაჯეს 

პროცედურული ომი თანაგუნდელებთან ეკა ბესელიამ მხოლოდ სამი დღით მოიგო. 31 დეკემბრის სხდომის შედეგი, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის დანიშვნას გულისხმობს, „ქართულმა ოცნებამ“ წლის პირველივე სხდომაზე გააუქმა.

ახალი პარტიული კრიზისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ შეკრება დღეს პირველი პოლიტიკური ვერდიქტით დასრულდა. გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ჯერ მხოლოდ კომიტეტებს ემშვიდობება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ დაპირისპირება ეკა ბესელიას მთავარი მოკავშირის ფრაქციიდან წასვლით დასრულდეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიის მთავარი არბიტრი ბიძინა ივანიშვილი ამ პოზიციას იზიარებს.

წლის პირველ შეხვედრას ეკა ბესელია არ დასწრებია. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გედევან ფოფხაძის გაწვევას სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებს.

ეკა ბესელია აპირებს ღიად ილაპარაკოს აგვისტოში მომხდარ ფაქტზე, როცა მას ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წასვლას სთხოვდა. ეს შემთხვევა, ფრაქციის დახურულ სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით გაიხსენა.

ირაკლი კობახიძეს ფრაქციის შეხვედრის დეტალებზე, ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება მოგვიანებთ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა და ეკა ბესელიაც და მისი მომხრეებიც პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

ეკა ბესელიას მთავარი მოკავშირის გაწვევის შემდეგ, კომიტეტში ბრუნდება მამუკა მდინარაძე. გედევან ფოფხაძის ნაცვლად კი პირველი მოადგილის თანამდებობას, სავარაუდოდ, ასევე ბესელიასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრი დაიკავებს. ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნების“ ე.წ. ახლების გუნდისთვის, ყველაზე მისაღები კანდიდატურებია.

დღის ამბები