20 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ - ბრალდების ადრესატი მის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე საუბრობს 

ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. „ოცნების“ PR ჯგუფთან დაახლოებული გია აბაშიძე ამბობს, რომ ბესელია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს გაურიგდა. 

გია აბაშიძე Facebook გვერდზე წერს, რომ ეკა ბესელია „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს დიდი ფულის სანაცვლოდ სასამართლოში მრავალმილიონიანი დავების მოგებას დაჰპირდა.

აბაშიძის ეს Facebook პოსტი დაასპონსორეს და მალევე სოციალური ქსელით გაავრცელეს. საინფორმაციო სააგენტო ontime.ge, რომელის მფლობელმაც აბაშიძის პოსტის ტირაჟირებაში ფული გადაიხადა, ახალი დაფუძნებულია და მის გვერდზე სოციალურ ქსელში ერთადერთი ინფორმაცია იძებნება, ისიც ეკა ბესელიას ეხება.

ინტერნეტ კამპანიას მთავარი ადრესატი გია აბაშიძეს ლონდონიდან გამოეხმაურა. ეკა ბესელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულმა ძალებმა ომი დაიწყეს, გია აბაშიძე კი „ოცნების“ პრეს ჯგუფთან დაახლოებული პირია, რომელიც ვიღაცის პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. ბესელია ამტკიცებს, რომ ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგას“ საქმესთან კავშირი არ აქვს.

„ოცნების“PR ჯგუფს ორი ხელმძღვანელი ჰყავს, კოკა ყანდიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. რომელმა დაავალა აბაშიძეს ბესელიას კორუფციული კავშირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დღეს მძიმე ბრალდებების ადრესატს არ დაუკონკრეტებია.  

ეკა ბესელიასთან კონტაქტს უარყოფს თავად ზაზა ოქუაშვილიც. „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ბრალდება თითიდან არის გამოწოვილი.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, რომელიც „ოცნების“ გუნდში ბესელიასთან ერთად მივიდა ამბობს, რომ მმართველი პარტია უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, ბიძინა ივანიშვილი პროცესებს ვეღარ აკონტროლებს და მმართველი გუნდში დიდი რღვევა დაიწყო.

ეკა ბესელია, ლონდონიდან 5 იანვარს დაბრუნდება. „ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე მის წინააღმდეგ გახმოვანებულ ბრალდებებს სავარაუდოდ ორშაბათს, 7 იანვარს უპასუხებს.

დღის ამბები