19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თიანეთში - ორი მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან მოკლული იპოვეს 

სასტიკი მკვლელობა ბედობის ღამეს, რომლის შესახებ გამოძიებამ ამ დრომდე თითქმის არაფერი იცის. თიანეთში ორი მამაკაცი სასიკვდილო ჭრილობებით ეზოში იპოვეს.  მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ერთი პირი, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა და კლინიკაში თავად მივიდა. 

მოკლულებიდან ერთ-ერთი 57 წლის ოლეგ შუშანაშვილია. მასთან ერთად ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მოკლულია მისი მეზობელიც. მძიმედ არის დაჭრილი თიანეთში მცხოვრები 32 წლის მამაკაციც, რომელიც არსებული ინფორმაციით ​შუშანაშვილთან საახალწლო სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა.

მთელი დღეა, თიანეთის ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ. ამ დრომდე პოლიციას მკვლელობის ბრალდებით არც ერთ პირი არ დაუკავებია. სამართალდამცველებმა მოკლულის სახლის ჩხრეკისას მტკიცებულებები ამოიღეს, მათ შორის პერსონალური კომპიუტერი.

სანადირო თოფით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ღია ჭრილობებით და ძლიერი სისხლდენით ის თიანეთის საავადმყოფოში თავად მივიდა. იმის გამო, რომ მდგომარეობა მძიმე იყო, დაჭრილი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გვიან ღამითვე გადმოიყვანა.

მომხდარის შესახებ დაჭრილმა მედიკოსებს, ინფორმაცია არ მიაწოდა. მათ შორის არც ორი დაჭრილის შესახებ. მოკლული ორი მამაკაცის შესახებ ექიმებმა დღეს დილით გაიგეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არავის გამოუძახებია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი თიანეთის საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის ხარაგაულიდან თიანეთში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

გამოძიებისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მკვლელობაში. ასევე უცნობია მათი ვინაობა და ადგილსამყოფელი.

„კურიერმა“ შეძლო გაერკვია, რომ მკვლელობა სანადირო თოფით და ცივი იარაღით არის ჩადენილი. მკვლელობის იარაღები, ჯერჯერობით, ამოღებული არ არის.

დღის ამბები