20 აპრილი 2024,   16:22
ვრცლად
"ოცნების" დეპუტატის სკანდალი - გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ზოიძის ძმა დააკავეს, შემდეგ კი ივანიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, აკაკი ზოიძის ძმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოიძის ძმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის გამო დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

presa.ge წერს, რომ საქმეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დახმარების თხოვნით მიმართა.

აკაკი ზოიძე მისი ძმის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირადი ცხოვრებით ზეწოლა უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებზე. ტყუილია, ცილისწამება და მაიმუნობა და რა უნდა გითხრათ. რა არის აქ გასარკვევი. მსგავს, დაახლოებულსაც არ ჰქონდა ადგილი საერთოდ. პირდაპირ ტყუილი წერია და უსინდისოდ ავრცელებს ე.წ. პრესა და უნდა ელაპარაკო,“ - ამბობს აკაკი ზოიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვისაც უცნობია, დააკავეს და შემდეგ ივანიშვილის დახმარებით გაათავისუფლეს თუ არა  აკაკი ზოიძის ძმა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, ბიძინა ივანიშვილის სახელის შელახვას ისახავს მიზნად.

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ აკაკი ზოიძის ძმა მართლაც დაჭერილი იყო და ივანიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს. presa.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ ეს ინფორმაცია შსს-დან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

„ჟურნალისტების ინფორმაციით, მართლა დაიჭირეს აკაკი ზოიძის ძმა და ის გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ამ დეპუტატმა მიმართა ბიძინა ივანიშვილს და მერე ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ დეპუტატის ძმა ჯერ დაიჭირეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, საუბარი არის შერჩევით სამართალზე. მაგალითად, თუ ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაშინვე გაგათავისუფლებენ, როგორც კი დანაშაულს ჩაიდენ, მაგრამ ტუ ხარ ოპოზიციის მხარდამჭერი, ჯერ მოგიწყობენ პროვოკაციას და მერე დაგაკავებენ, რაც გახარიამ გააკეთა დათო კირკიტაძის შემთხვევაში. ერთ შემ5ტხვევაშუი, გახარია იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და მეორე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ათავისუფლებს დეპუტატის ძმას, იმიტომ, რომ ეს დეპუტატი არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები