23 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
H1N1 ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი

H1N1 ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი. გრიპის ვირუსი დაუდასტურდა 100 ათასიდან 279 ადამიანს, რომელთა 41 პროცენტი ჰოსპიტალიზებულია.

39 წლის სამი შვილის დედას ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. ნატალია ალიმბარაშვილი გორის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნატალია ალიმბარაშვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა და ამტკიცებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე ანთება გახდა.

ახალგაზრდა ქალი გორის საავადმყოფოში დღეს გამთენიისას კატასტროფის ბრიგადამ გორის ჰოსპიტლიდან გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ქალს ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.

სავარაუდოდ H1N1 ვირუსი გახდა კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ინგოროყვას კლინიკაში. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ზუგდიდიდან ოჯახის მოთხოვნით ჩამოიყვანეს. ექიმების თქმით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია, ვირუსის პროვოცირების მიზეზი კი სიმსუქნე გახდა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ღორის გრიპით 5 ადამიანი წევს, მათგან სამს უკვე დაუდასტურდა H1N1 ვირუსი. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

არც ახალგაზრდა მამაკაცის და არც 39 წლის ქალის შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზად H1N1 ვირუსს ჯერ არ ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის თქმით, ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.

დავით სერგეენკო განმარტავს, რომ არასაკმარისი ადგილები საავადმყოფოებში პაციენტებს პრობლემას არ უქმნის.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში უნდა დაიწყოს.

დღის ამბები