24 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
უკრაინის მოქალაქეების დაკავება - რადას დეპუტატი ქართულ გამოძიებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს  

რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო ქართულ საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. უკრაინელი დეპუტატი დღეს მატროსოვის ციხეში ოჯახთან ერთად მივიდა და  უკრაინის 6 მოქალაქე მოინახულა. ისინი 2 დეკემბერს, თბილისში ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

რადას დეპუტატი ამბობს, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან და მათი ანაბეჭდები არც ამოღებულ იარაღზე არ დასტურდება.  

სემიონ სემენჩენკოს თქმით, გამოძიებამ ხელყუმბარები ააფეთქა და ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე დაკავებულების თითის ანაბეჭდები არ ყოფილა.

„გამოძიებამ მტკიცებულებები გაანადგურა. ხელყუმბარები, რომლებიც თითქოს და დაკავებულებს აღმოუჩინეს, ააფეთქეს, შესაბამისად, თითის ანაბეჭდების აღება უკვე შეუძლებელია. თუ გამოძიება საკუთარ ვერსიაში დარწმუნებულია, მტკიცებულებები არ უნდა გაენადგურებინათ. მეორე, ადვოკატებმა დაუკვეთეს ექსპერტიზა და დარჩენილ საბრძოლო საშუალებებზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მესამე, ადვოკატები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავებულების ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს. ადვოკატები შიშობენ, რომ თითის ანაბეჭდების არარსებობის გამო, მათ შეუძლიათ ნივთმტკიცებულებებზე ბიოლოგიური მასალა გადაიტანონ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინელებს საქართველოში დაპატიმრების შიში არ ჰქონდეთ,“ - განაცხადა სემიონ სემენჩენკომ.

ადვოკატი, ვიტალი მირზოიანი ამბობს, რომ დაკავებულები მათთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხემბიან. 

„უნდობლობა არის გამოწვეული იმით, რომ ცალსახად აცხადებენ, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება მათ არ მიეკუთვნებათ, მათი არ არის, ეს არის ჩადებული,“ - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ქართველი ჯარისკაცი, ლუკა ჩხეტიაც.

 

 

დღის ამბები