ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაბრუნდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
ოპოზიციის წევრების თქმით, კანონპროექტის შესახებ აზრს საპარლამენტო უმრავლესობას არავინ შეეკითხება, რადგან გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იღებს.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა.
ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი თავისი ქმედებებით, საზოგადოებას რევოლუციის ჩატარებისკენ იწვევს.
„ეს ადამიანი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს. რევოლუციას არ და ვერ აწყობს ხალხი, აწყობს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს წარმატებით აკეთებს, რომ ძალიან მალე ეს ადამიანი ხალხმა აიძულოს ან თავისი ფეხით შევიდეს საკანში ან გაიქცეს ამ ქვეყნიდან. ანრი ოხანაშვილი შეეწინააღმდეგება, თუ აკაკი ზოიძე, რასაც გაუკეთებენ, თათებზე დგებიან, უკანა თათებზე და იმას აკეთებენ მუდმივად. მისი აქტივები შემცირდა 800 მილიონი დოლარით, ამას ხომ ამოღება სჭირდება. გეგმა მაქვსო, ორი წელიწადი ვიმუშავეო, რომელიც იძლევა 500%-იან მოგებას,“ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი წინასაარჩევნო გაიწვიეს, რადგან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
„ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ წამოსწია ეს თემა, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მას თავში აქვს ამ მეთოდით თავისი ქონების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. ის დროებით დაიხევს ხოლმე უკან და ასე მოხდა პირველი ტურის შემდეგ, როდესაც მას ძალიან შეეშინდა წაგების და გააკეთა ყველაფერი, იკადრა ყველაფერი, რაც კი შეიძლება ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ყოფილიყო მეორე ტურისთვის. ახლა მას შემდეგ, რაც ასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, მას ექნება სურვილი, რომ ეს თემა წამოწიოს და მას ჰყავს იმ ტიპის უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში ეთანხმება ივანიშვილს, იმიტომ, რომ ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური გუნდი არ არსებობს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ როგორც სხვა ყველა საკითხთან მიმართებაში, ამ კანონპროექტზეც ივანიშვილი საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
„ეს არის ივანიშვილის ექსკლუზივი, არა მარტო ეს, ყველაფერი ამ ქვეყანაში, საკანონმდებლო, სასამართლო სისტემა ექვემდებარება მას და მისი გადასაწყვეტია. არავინ არ იცის, მარიხუანის კანონპროექტი დაბრუნდება თუ არა, ბუნებრივია ეს ივანიშვილის ინტერესია და არავის გაუკვირდება, რომ სახეცვლილი და უბრალოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტად და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად რომ წარმოგვიდგეს,“- განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ.