19 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
სახელმწიფო მოხელეები, რომელთა დეკლარაცია დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

საჯარო სამსახურის ბიურომ 450-მდე დეკლარაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ სახელმწიფო მოხელეების უმრავლესობამ დეკლარაცია დარღვევებით შეავსო. ირკვევა, რომ საჯარო მოხელეების 80% ქონებას ან შეცდომით არ უთითებს ან მალავს.

დეპუტატი ლერი ხაბელოვი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც დეკლარაცია არასწორად შეავსო და 1000 ლარით დაჯარიმდა. თავდაპირველად ხაბელოვმა ჯარიმა ვერ გაიხსენა, თუმცა მოგვიანებით ფაქტი დაადასტურა.

ლერი ხაბელოვთან ერთად დეკლარაცია არასწორად შეავსო კიდევ 58-მა დეპუტატმა, საჯარო სამსახურის ბიურომ კი სულ 60 დეპუტატის დეკლარაცია შეისწავლა. დაჯარიმებულებს შორის არიან მოსამართლეები, 14 შემოწმებული მოსამართლიდან 7 დამალული ქონება ან კომპანიები უპოვეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სულ 2 პირის დეკლარაცია შემოწმდა და ორივემ უარყოფითი შეფასება მიიღო. მთავრობის წევრების შემოწმებული 104 დეკლარაციიდან უარყოფითი აღმოჩნდა 76 დეკლარაცია.

გასულ წელს დაჯარიმებულ დეპუტატებს შორისაა ირაკლი სესიაშვილიც. არის თუ არა სესიაშვილის დეკლარაცია იმ დეკლარაციებს შორის, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ შემდგომი ძიებისთვის პროკურატურას გაუგზავნა, უცნობია.

წელს საგამოძიებო უწყებას საჯარო სამსახურის ბიურომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები 1 დეკლარაციაში დაინახა და რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას მიმართა. იგივე ნიშნები საჯარო სამსახურის ბიურომ გასულ წელს 7 დეკლარაციაშიც დაინახა, თუმცა მოჰყვა თუ არა რეაგირება ჩინოვნიკების მიერ ქონების სავარაუდო დამალვას, უცნობი დარჩა.

დღის ამბები